თბილისი, 19 მარტი- Sputnik. ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ევროპის 8 მიმართულებით შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავიაკომპანიის ცნობით, პირდაპირი ფრენები ვენის, პარიზის, ნიცას, ამსტერდამის, მიუნხენის, ბერლინის, მილანისა და ლარნაკას მიმართულებით შესრულდება - ავიარეისებს „ბოინგ737-700“ და „ბოინგ 737-800“ შეასრულებენ.
„აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავიარეისების სიხშირე
ვენის მიმართულებით პირდაპირ ფრენები შეასრულდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას.
კვირაში სამჯერ რეისები შესრულდება პარიზისა (სამშაბათს, პარასკევსა და კვირას) და ნიცას (ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს) მიმართულებით.
ამსტერდამის მიმართულებით ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს.
მიუნხენის მიმართულებით კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათსა და კვირას.
ბერლინის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს.
მილანის მიმართულებით ფრენები შესრულდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევსა და კვირას.
ყოველდღე შესრულდება პირდაპირი ფრენები თბილისი-ლარნაკას მიმართულებით.
უწყების ინფორმაციით, ავიაკომპანია მუშაობს თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიური ფრენების აღდგენაზეც.