ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვების დასასმელად და კონკურენტუნარიანი სატენდერო წინადადებების მოსამზადებლად (წარმოსადგენად) მონაწილეებს 45-დღიანი ვადა მიეცათ.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება იმ პირობით გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო 51%-ს ფლობდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მონაწილეობაზე კერძო ინვესტორების წინადადებების წარმოდგენა მაისში დასრულდება, გამარჯვებული კი წლის ბოლომდე გამოვლინდება. გეგმებშია ძირითადი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარე წელს დაწყება.
ტენდერი გამოცხადდა მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, სატენდერო დოკუმენტაცია კი ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ - მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს ფლობენ.
პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ვადები დაასახელა>>>
სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის ევროპულ კომპანიებთან („დიდი ოთხეული“) დაგზავნის მიზანშეწონილობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია HAEDES B.V.-სთან კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნული კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სამუშაოების დროულად, საიმედოდ და მაღალი ხარისხით შესრულების, ტექნიკური დავალების მომზადებისა და შემდგომში წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასების მიზნით დაიქირავა.
მოწვეულმა პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ტექნიკური და ფინანსური მიმართულებით. ტენდერში გაიმარჯვებს კომპანია, რომლის წინადადება დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ექნება ჯამური (ტექნიკური წინადადების ქულას პლიუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლესი ქულა.
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვების დასასმელად და კონკურენტუნარიანი სატენდერო წინადადებების მოსამზადებლად (წარმოსადგენად) მონაწილეებს 45-დღიანი ვადა მიეცათ.
რეტენდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების ტექნიკურ და ფინანსურ ნაწილში შეფასებას უზრუნველყოფს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ სპეციალურად შექმნილი სატენდერო კომისია, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად.
ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".
ახალი კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს და მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
როდის შეძლებს ანაკლიის პორტი პირველი ტვირთის მიღებას: ვიცე-პრემიერის მოსაზრება>>>
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.