რეგიონებში 19 უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს

2024 წლის დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით 51 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი— Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოს, აჭარისა და გურიის რეგიონებში 19 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს და დალუქეს, ნათქვამია უწყების გვრრდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 11 ცირკული და 1 ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში, 3 - აჭარასა და გურიაში, 2-ხარაგაულში, თითო-თითო - ხაშურსა და ბოლნისში.
„დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და მათზე განთავსებული, ჯამში, 27 ერთეული მორი და 3 კუბურ მეტრზე მეტი ფიცარი დაილუქა. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”, - ნათქვამია განცხადებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად ახორცილებს უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებით კანონით დადგენილ ღონისძიებებს. მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 51 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა.
მამაკაცი, რომელიც კახეთში ტყის გადაწვას ცდილობდა, დააჯარიმეს>>>
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.