რამდენი ტვირთი გადაამუშავეს საქართველოს ნავსადგურებმა - ახალი სტატისტიკა

საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 13,9 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 7,5%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, გადამუშავებული ტვირთების 43,3% გენერალური ტვირთია, 31,7% – თხევადი, 25% კი – ნაყარი ტვირთი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 1.619 გემი, რომელთა 34,5% გენერალური ტვირთის გადამზიდია, 29,3% – თხევადი ტვირთმზიდი, 27,2% – კონტეინერმზიდი, ხოლო 9% ნაყარ ტვირთმზიდებზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.
გასულ წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მიიღეს 47,7%-ით მეტი კონტეინერმზიდი, 37,9%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი, 9,4%-ით ნაკლები – გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 5,7%-ით ნაკლები სპეციალიზებული გემები და 3,1%-ით ნაკლები – თხევადი ტვირთმზიდი.
აღნიშნულ პერიოდში პორტებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 17,6% თურქეთის დროშით დაცურავდა, 15,6% – პანამის, 14,6% – ლიბერიის, 9,1% – მალტის, 4,6% - რუსეთის, 4,4%-ბულგარეთის, ხოლო 34,1% სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა.
მგზავრების გადაყვანა
გარდა ამისა, 2023 წელს საქართველოს საზღვაო პორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურები 11,1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 45%-ით მეტია 22 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.