თბილისი, 16 მარტი - Sputnik. ხონში, დევნილთა დასახლებაში ყოფილმა სიძემ ცეცხლსასროლი იარაღით სიდედრი დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში სანადირო თოფით მივიდა და რამდენჯერმე გაისროლა.
50 წლამდე ასაკის ქალი ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას დაზიანებები ზურგის არეში აქვს მიყენებული.
რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, სანადირო თოფით შეიარაღებულ კაცს ყოფილ მეუღლესთან საუბარი სურდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა სიდედრმა უარი განუცხადა, მან თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა. მეუღლეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო და მამაკაცს ცოლზე ძალადობის გამო პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სამართალდამცველები სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“