თბილისი, 16 მარტი – Sputnik. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის მეორე დღეს მოსკოვის დროით 15:13 საათისთვის აქტივობამ 45,02 პროცენტი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ცესკოს ვებგვერდზე.
მოსკოვის დროით 13:32 საათისთვის ეს მაჩვენებელი 40,05% იყო.
2018 წლის არჩევნებზე, როდესაც კენჭისყრა ჩატარდა ერთ დღეს, მოსკოვის დროით 10:00 საათისთვის აქტივობა 16,55 პროცენტი იყო, შუადღისთვის - 34,72, 17:00 საათისთვის - 51,9. მაშინ საერთო აქტივობამ 67 პროცენტს გადააჭარბა.
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს.
პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკასა და ჩუკოტკაში ხუთშაბათს, მოსკოვის დროით 23:00 საათზე გაიხსნა. პარასკევს 9:00 საათზე ხმის მიცემის პუნქტები გაიხსნა რუსეთის ყველაზე დასავლეთ რეგიონში - კალინინგრადის ოლქში. ვადაზე ადრე ხმა თითქმის 2,6 მილიონმა ადამიანმა მისცა.
სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.