თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ვრცელებს.
ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.
პრემიერი დელეგაციასთან ერთად პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არიან.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
წყარო - საქართველოს მთავრობა