თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში ივნისში დაიწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება იმ პირობით გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო 51%-ს ფლობდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მონაწილეობაზე კერძო ინვესტორების წინადადებების წარმოდგენა მაისში დასრულდება, გამარჯვებული კი წლის ბოლომდე გამოვლინდება. მოგვიანებით ვადამ 2024 წლის თებერვლამდე გადაიწია.
„მაისის ბოლოსთვის სავარაუდოდ, გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით, შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობა ვარაუდობს, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი პირველ ტვირთს 3-4 წლის შემდეგ შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაჩენის შემდეგ მიიღებს.
ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".
ახალი კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს და მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.