თბილისი, 14 მარტი — Sputnik. გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში ProWein Dusseldorf ქართული ღვინის მწარმოებელი 28 კომპანია მონაწილეობდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
30-ე საიუბილეო ProWein Dusseldorf-ში წელს მსოფლიოს 65 ქვეყნის 5400-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა.
გამოფენაზე სამი დღის განმავლობაში ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათეულ ათასობით სტუმარს მიეცა, რასაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ქართული კომპანიები ღონისძიებაში ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზაციული მხარდაჭერით მონაწილეობდნენ.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის ოთხი პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა: პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის Meininger სტენდთან დეგუსტაციას „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ღვინის მაგისტრები იანეკ შუმანი (Janek Schumann) და კონსტანტინ ბაუმი (Konstantin Baum), ხოლო სამ ღონისძიებას სახელწოდებით „ქართული ღვინის დღე“, ცნობილი ინფლუენსერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) უძღვებოდნენ.
„დუსელდორფის გამოფენა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ ღვინის გლობალური ბაზრისთვის. აქ თავს იყრიან პროფესიონალები, კომპანიები მუდმივ რეჟიმში ხვდებიან პოტენციურ პარტნიორებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველო ProWein Dusseldorf-ში წელს 24-ედ მონაწილეობდა.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციაა. რაც შეეხება გერმანიას, ის ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის გაყიდვები სტაბილურად მზარდია“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
გამოფენის ფარგლებში, ლევან მეხუზლამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა მარკეტინგული კომპანიის და მედიაჰოლდინგის წარმომადგენლებთან, ასევე, გამოფენის Prowein დირექტორ პეტერ შმიტცთან. გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გიორგი ტაბატაძე დაესწრო.