აფეთქება სამტრედიის ქუჩაზე - რას აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“

გაზგამანაწილებელ კომპანიაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ გამოთქმულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია
Sputnik
თბილისი, 14 მარტი— Sputnik. თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქება უკავშირდება თუ არა ბუნებრივი აირის დაგროვებას, ჯერჯერობით დადასტურებით არ შეიძლება ითქვას, განაცხადა „თბილისის ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი დეკანოიძემ.
გუშინ დიდუბეში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით აფეთქება მოხდა, რის შედეგად დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული. ადგილზე თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან მუსელიანიც იმყოფებოდა, რომლის განცხადებით აფეთქება სავარაუდოდ პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართში გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
„გამოძახების ადგილზე დაგვხვდა აფეთქება, რომლის მიზეზი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. საბედნიეროდ, არავინაა დაშავებული, თუმცა დაზიანებულია კორპუსი და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი მანქანები. არსებობს ვერსია, რომ აფეთქება გამოიწვია ბუნებრივი აირის დაგროვებამ. აღნიშნულ ინფორმაციას არც ვადასტურებთ, არც უარვყოფთ იქიდან გამომდინარე, რომ არ მოგვეცა ადგილის დათვალიერების საშუალება“, - აღნიშნა ირაკლი დეკანოიძემ.
მისი განმარტებით, ვინაიდან კორპუსი დაზიანებულია, უსაფრთხოების გამო კომპანიის თანამშრომლებმა იქ შესვლა ვერ შეძლეს.
„პირველ სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და შესაძლებელია, იქ მომხდარიყო გაზის დანადგარებთან ან გაზის ქსელთან არასათანადო ქმედება. სამწუხაროდ, ანალოგიური შემთხვევები ხშირია, რემონტის დროს დანადგარებს ტოვებენ გახსნილს, უყურადღებოდ, თვითნებურად ხდება გაზის ქსელის გადაადგილება არასათანადო პირების მიერ. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ რემონტის დროს, ნებისმიერ გაზის დანადგართან ურთიერთობისას“, – განაცხადა დეკანოიძემ.
სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულია. დაზარალებულია 93 ოჯახი. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.