ქართულ ავიაბაზარზე ორი ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის

Sputnik
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ორი ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია – Transavia და AJET-ი იწყებს, ნათქვამია კომპანია TAV Georgia-ს განცხადებაში, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ფრენები 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან შესრულდება.
ნიდერლადების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia რეგულარულ რეისებს ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით განახორციელებს, ხოლო თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AJET-ი რეგულარულ ფრენებს სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით შეასრულებს.
ავიაკომპანია Transavia-ს მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისები 2024 წლის 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
რაც შეეხება ავიაკომპანია AJET-ს, იგი სტამბული-თბილისი-სტამბულის საჰაერო ხაზზე ფრენებს 2024 წლის 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში ყოველდღიურად განახორციელებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Transavia-სა და AJET-ს საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები 2024 წლის 12 მარტს მიანიჭა.