თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში მიმდინარე „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials) წარმატებით ასპარეზობენ.
„საჰაერო ძალების თამაშები“ აშშ-ის ნევადის შტატში, ქალაქ ლას-ვეგასის საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ქართველ სამხედრო პარასპორტსმენებს სპორტის როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ სახეობებში უკვე აღებული აქვთ ოთხი ოქროს, ექვსი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი. მათ შორის, ველოსიპედით რბოლაში – ოქროსა და ბრინჯაოს მედლები, პისტოლეტიდან სროლაში – ოქროსა და ვერცხლის მედლები, ხოლო შაშხანიდან სროლაში – ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.
თამაშების გუნდური სახეობებიდან კი თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდმა მეორე ადგილი მოიპოვა და ვერცხლის მედალი აიღო. ქართველმა სამხედროებმა ვერცხლის მედალი აიღეს 800მ დისტანციაზე გუნდურ მშვილდოსნობაშიც.
სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდს მომავალი დღეების განმავლობაში პარაკალათბურთში, მძლეოსნობასა და ნიჩბოსნობაში მოუწევთ ასპარეზობა.
„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედრო პარასპორტსმენების გუნდი მეორედ მონაწილეობს. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.