თბილისი, 13 მარტი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიხეილ სარჯველაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სარჯველაძემ საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა - 11 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა.
კომიტეტის წევრებმა სარჯველაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს და ყოფილ კოლეგას საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
კომიტეტის დასკვნა განსახილველად და საბოლოო გაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომაზე განიხილება.
სარჯველაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი 1 მარტს დატოვა.
კანონმდებლობის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტის უფლებამოსილების ვადით პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტი.
კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატის დასახელების უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, საპარლამენტო ფრაქციას.
გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.