თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ნარიყალას ციხის რესტავრაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თავრობის სხდომაზე.
2017 წლის დეკემბერში ნარიყალას რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდა - სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამისთვის 715 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში დასრულდა სატრაპეზოს პირველ სართულზე კერამიკული ფილებით იატაკის მოწყობის სამუშაოები, ქვაფენილით მოპირკეთდა გალავნის შესასვლელიდან ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა.
თბილისის მერის თქმით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდება როგორც ეზო, ისე გარე პერიმეტრი და მოეწყობა მხატვრულ-დეკორატიული მინათება.
„ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია... აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდება როგორც ეზო, ისე გარე პერიმეტრი და მოეწყობა მხატვრულ-დეკორატიული მინათება. სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაუწევს.
ნარიყალას ციხე-სიმაგრე თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენამდე მოღწეული ძირითადი ნაგებობები XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ის მნიშვნელოვნად დააზიანა.
90-იან წლებში ნარიყალას რესტავრაციის მცდელობები იყო, აღორძინდა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე უკვე მე-12 საუკუნეში მდებარეობდა, მაგრამ დღეისათვის ის ავარიულ მდგომარეობაშია.