კალაძე ტაქსის რეფორმაზე: 1-ელ აპრილამდე გაუაქტიურებელი ნებართვები ავტომატურად გაუქმდება

გასული წლის 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებ-გვერდიც, სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა არის შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. 1-ელ აპრილამდე გაუაქტიურებელი ტაქსის ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, რომელიც გასული წლის აპრილში ამოქმედდა, 35 ათასზე მეტი A კატეგორიის ნებართვა გაიცა, თუმცა ამ დროისთვის 20 ათასზე მეტი ნებართვა გაუაქტიურებელია.
„შესაბამისად, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ შეინარჩუნოთ აღნიშნული ნებართვები, გაააქტიურეთ ისინი 1-ელ აპრილამდე. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც შესაბამის ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge. ასევე თბილისის მერიის ცხელ ხაზზე",- განაცხადა თბილისის მერმა.
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის 1-ელი აპრილიდან ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდნენ А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვა მიიღეს. ასევე დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
კალაძე: უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა, რომ ტაქსის მძღოლებს აეღოთ ლიცენზიები>>>
მანამდე А კატეგორიის ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა და 100 ლარი ღირდა. უვადო ლიცენზია ჯდება დღეში 0,27 ლარი (ჰიბრიდის შემთხვევაში - 0,13 ლარი). თუ ნებართვა არაა მიბმული კონკრეტულ მანქანაზე ან მფლობელზე, მისი დღიური ფასი 3 ლარია.
ტაქსის რეფორმა
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო - 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად - „A" და „B".
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.