აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრს ვიზა არ მისცა - კეზერაშვილმა სასამართლოში იჩივლა

დავით კეზერაშვილი მოითხოვს, შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.
Sputnik
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოში ძებნილ თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილს ამერიკის ვიზაზე უარი უთხრეს, რის გამოც ბიზნესმენმა აშშ-ის კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
მუხლი, რომლის საფუძველზეც კეზერაშვილს ამერიკის ვიზაზე უარი ეთქვა, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს. დავით კეზერაშვილს ბრალად ედება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონი ევროს გაფლანგვა (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. გარდა ამისა, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმის თაობაზე, რომ კრიმინალური ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში ამის შესახებ განაცხადა ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ.
„საუბარი არ არის მხოლოდ ფულის გათეთრებაზე, არის კიდევ სხვა საკითხები, რომლებზეც ძალიან ფართო განხილვა ჰქონდა ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიას. ეს ყველაფერი ერთად არის შეკრებილი და ამასთან დაკავშირებით ვიზის გაცემისგან თავს იკავებს აშშ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე -სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ უკანონო საქმიანობის გამო კეზერაშვილი თავისუფლად ვერ გადაადგილდება.
„მან ეს განცხადება გააკეთა, მაგრამ ვფიქრობ, მაინც უფრო დროის მოგების მიზნით, ვინაიდან ის აქტიურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ეს არის მისი ფანდი, თუმცა, ფაქტია, რომ მისი გადაადგილება მნიშვნელოვნად არის შეზღუდული“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნება“ მტკიცებით, კეზერაშვილი აფინანსებს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში (თითქმის 2012 წლის ბოლომდე) კეზერაშვილი ხელისუფლების ზედა ეშელონების წარმომადგენლებს შორის იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ სწორედ იმ დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „კრიშავს“. მათი თქმით, შეუძლებელია, რომ სპეცსამსახურებს შეუმჩნეველი დარჩენოდათ დედაქალაქში საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობა.
რა წერია სარჩელში
კეზერაშვილის სარჩელი გამოქვეყნდა ვებგვერდზე Courtlistener.com, რომელიც აშშ-ის სასამართლოებში შესულ სარჩელებს აგროვებს და ასაჯაროებს. სარჩელიდან ირკვევა, რომ კეზერაშვილმა აშშ-ის ვიზის მისაღებად განაცხადი კვიპროსში, აშშ-ის საელჩოში 2023 წლის 4 აპრილს შეიტანა, უარი კი იმავე წლის 18 ივლისს მიიღო.
ამის შემდეგ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოსთხოვა იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც ვიზაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. თუმცა, ვერ მიიღო რა პასუხი, მან 2024 წლის 20 თებერვალს სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
„მისტერ ოფშორი“
ამერიკის ვიზაზე უარის თქმას წინ უძღოდა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე „მისტერ ოფშორი" დგას. თავად კეზერაშვილმა BBC-ის სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს ადრე „უკიდურესად მცდარი“ უწოდა.
„კონკრეტულად, ეს საკითხი ცნობილია, როგორც „პენსიონერების ძარცვა”. აქედან გამომდინარე, ამან უკვე ძალიან დიდი საერთაშორისო რეზონანსი მიიღო. ეტყობა, გამოძიების პირობებში ამ საკითხზე სამართლებრივი საფუძვლები უკვე საკმაოდ გამოკვეთილია და ვფიქრობ აშშ-ის მხარემ აქედან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საუბარია ფულის გათეთრებაზე, რომელიც, დეპუტატის თქმით, აშშ-ში ერთ-ერთიყველაზე სერიოზულ დანაშაულად ითვლება.
„ვფიქრობ, რომ, ალბათ, კარგი იქნება თუ ეს გავრცელდება ევროპის იმ ქვეყნებზეც, კონკრეტულად რომელი ქვეყნის პენსიონერებსაც ასეთი მანიპულაციების გზებით სძალავდნენ ფულს კეზერაშვილი და მასთან დაკავშირებული პირები", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
პარლამენტში ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ გამოვიდა, თუმცა ამას მმართველი პარტია დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ კეზერაშვილი ერთადერთია, ვინც დაინტერესებულია წინასწარ იცოდეს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
„შესაძლოა, ისინი ატარებენ გამოძიებას და ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ, რადგან ეს ყველაფერი კონფიდენციალურია. სწორედ ამიტომაც მოვითხოვეთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა. კეზერაშვილის შესახებ გაცილებით მეტს გავიგებდით, ვიდრე დღემდე ვიცით“, - განაცხადა გახარიას პარტიის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
ვინ არის კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა.
მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.