ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით მესამე ადგილზეა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმ აეროპორტების გვერდით მოხვდა, რომლებმაც მკვეთრი ზრდა განიცადეს.
Sputnik
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილი დაიკავა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ–ში მდებარეობს, საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ახორციელებენ.
ACI-ის (აეროპორტების საერთაშორისო საბჭო) 2024 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საშუალო ზომის აეროპორტებს შორის 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით, სამარყანდისა და ტირანას აეროპორტების შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.
ახალი კლასიფიკაციის თანახმად, საუბარია ACI-ის წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1-დან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან.
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება - მონაცემები განახლდა>>>
2023 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91%-ით გაიზარდა და ევროპის აეროპორტებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც ACI-ის რეიტინგებში მცირე აეროპორტებიდან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში გადაინაცვლა.
2023 წლის ჩათვლით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მცირე ზომის აეროპორტების კატეგორიაში გადიოდა. 2018 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ევროპაში 5 მლნ-მდე მგზავრთნაკადის ზრდით ლიდერი იყო, ხოლო 2019 წელს მეორე ადგილზე მოხვდა.
ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
აეროპორტის წარმატებები
2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადის, ისე ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით.
გასულ წელს აეროპორტი თითქმის 1,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 103%-ით მეტია.
ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია ავიარეისების რაოდენობამაც - აეროპორტი 5.040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 57 %-ით მეტია.
2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატა.
ავიაკომპანიამ 2023 წლის 1-ლი ივნისიდან ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 2 ივნისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო ევროპის 5 ქალაქის – ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით. ფრენები კვირაში ორი სიხშირით ხორციელდება.
19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა, რომელიც სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით ასრულებს.