თბილისი, 12 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროს ეწვევა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 12-16 მარტს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ერიკ ნუსბაუმერთან გამართავს შეხვედრას. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ლიხტენშტაინის სამთავროში დაგეგმილია პარლამენტის სპიკერის შეხვედრები ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრ დენიელ რიხთან და ლიხტენშტაინის პარლამენტის პრეზიდენტ ალბერტ ფრიკასთან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და უმრავლესობის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის 1992 წლის 10 ივნისს დამყარდა. ქვეყნებს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ ორმხრივ ფორმატში პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, განვითარების, რეგიონთაშორისი თანამშრომლობისა და სხვა სფეროებში.
ამას გარდა, 2009 წლიდან, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ, შვეიცარია ასრულებს შუამავლის ფუნქციას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. ამ მიზნით მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოში – რუსეთის ინტერესთა სექცია. ნაყოფიერია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც.
ასევე 1992 წლის 10 ივნისს დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
საქართველოსა და ლიხტენშტაინის მთავრობებს შორის მოქმედებს კონვენცია „შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.