უცხო ქვეყნის მოქალაქეს ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წარუდგინეს: მას უვადო პატიმრობა ემუქრება

უწყების ცნობით, პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას, შენახვასა და გასაღების მცდელობას ედავება.
გამოძიების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 266,9 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს" (მარილი), რომლის ნაწილი - 260,1 გრამი სამართალდამცველებმა 8 მარტს ბათუმში ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
6,8 გრამი ნარკოტიკული საშუალება კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს, რომელიც ბრალდებულს გასაღების მიზნით ჰქონდა განთავსებული.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სასწორი და ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო ნივთებიც ამოიღეს.
პოლიციამ ბრალდებული 8 მარტს დააკავა. მას ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.