თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოში მსჯავრდებული ყოფილი გენერალური პროკურორის და იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების თემა და სერიოზულ ღონისძიებებზე მისი გამოჩენა ევროკავშირის პოლიტიკით საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილების ახალი მიზეზია.
მარტის დასაწყისში ქართულ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელზეც ადეიშვილი გერმანიის პარლამენტში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. საუბარი უკრაინაში მართლმსაჯულების რეფორმას შეეხებოდა. ბუნდესტაგის შემდეგ ადეიშვილმა შეხვედრები გამართა ევროკომისიაში.
„ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი „9 ნაბიჯის“ მთავარი აქცენტი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. საქართველოს მთავრობა ენთუზიაზმით შეხვდა ამ ჩანაწერს. მაგრამ რა არის ადეიშვილის მიღება ევროპის მაღალ დიპლომატიურ დონეზე, თუ არა დეზინფორმაცია იმაზე, თუ რას წარმოადგენს ადეიშვილი? როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია?!“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ასეთი აღიარება ძირს უთხრის იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება საქართველოს ევროპული მისწრაფებები.
„უკრაინის მთავრობის მიერ ქართველი კრიმინალის, ზურაბ ადეიშვილის შეფარება და მისი მრჩევლად დანიშვნა, ასევე ადეიშვილის ბოლოდროინდელი ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და ევროკავშირის სახელისუფლებო ინსტიტუციებში არასწორ სიგნალებს გვიგზავნის, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული ცვლილებებისკენ მიმართულ საერთაშორისო თანამშრომლობას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
იუსტიციის რეფორმის კრიმინალების ხელით გატარება კანონის უზენაესობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგა ნაბიჯები ადეიშვილის დასაკავებლად.
საქართველოს პროკურატურამ გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადაციის თხოვნით.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის და გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს გადასცა ქართული მხარის შეშფოთება კრიმინალად აღიარებული და ქართული სასამართლოს მიერ ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ევროკავშირსა და გერმანიაში შეხვედრებსა და ვიზიტებში მონაწილეობის თაობაზე.
განცხადება ასევე გაავრცელა საქართველოს მთავრობამ, რომელშიც გამოხატა მწუხარება და ღრმა შეშფოთება უკრაინის ხელისუფლების რიგი გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება ორ ქვეყანასა და ხალხს შორის ჩამოყალიბებულ ტრადიციულ მეგობრობას, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მთავრობაში მაღალ თანამდებობებს კვლავ იკავებენ საქართველოში სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი ან მსჯავრდებული პირები.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში" განაცხადეს, რომ ზურაბ ადეიშვილის ვიზიტი ბრიუსელში არის ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის სამართლის უზენაესობისა და სამართლიანი სახელმწიფოს პრონციპებზე თავდასხმა.
ვინ არის ადეიშვილი
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ახლა ადეიშვილი უკრაინის პროკურატურაში მუშაობს.
ადეიშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში მაღალ თანამდებობას იკავებს, საქართველოში დამნაშავედ ცნეს ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენაში და დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.