თბილისი, 12 მარტი — Sputnik. რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე კარგად იცნობს რუსეთში ქართული დიასპორის ცხოვრებას და გააგრძელებს ხალხის პრობლემების მთავრობამდე მიტანას, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ.
მერკვილაძე მოსკოვში 9 მარტს ჩავიდა. მან პირველი სამუშაო შეხვედრა დავით ცეცხლაძესთან გამართა. მერკვილაძემ ახალ თანამდებობაზე გიორგი ქაჯაია შეცვალა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
„მერკვილაძემ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა საქართველოს მთავრობას ქართული დიასპორის ხმა ესმოდეს. იგი კარგად იცნობს რუსეთში ქართველების ცხოვრებას. რამდენიმე წელი იყო ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ვიცე-პრეზიდენტი. ეს ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან პოზიტიურია“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
რუსეთში ქართული დიაპორის პრეზიდენტის ინფორმაციით, მერკვილაძემ პირობა დადო, რომ აქტიურად ჩაერთვება ქართული დიასპორის ცხოვრებაში და ყურადღებით შეისწავლის მათ პრობლემებს.
„განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეთნიკურ ქართველებს აწუხებთ. ამასთან, მერკვილაძე მოვიწვიეთ დიასპორის ცხოვრებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც", - განაცხადა ცეცხლაძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
2009 წლიდან, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ, შვეიცარია ასრულებს შუამავლის ფუნქციას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. ამ მიზნით მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოში – რუსეთის ინტერესთა სექცია. ნაყოფიერია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც.