თბილისი, 11 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 22-დან 49 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან. დაკავებულთა შორისაა ბელარუსის მოქალაქეც.
უწყების ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და მათი უკანონო რეალიზაციის მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისსა და აჭარის რეგიონში.
დაკავებულთა პირადი, ავტომობილების, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „კოკაინი”, „მდმა“, „მარიხუანა“, „ექსტაზი” „ლსდ“, „ალფა პვპ”, „მეფედრონი”, „მეთადონი” „პსილოციბინი” და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“.
ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 18-260-ე, 261-ე,18-261-ე მუხლებით, ასევე 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.