„პოზიციების გაძლიერება": ექსპერტები ქაჯაიას პრემიერის სპეცწარმომადგენლად დანიშვნაზე

გიორგი ქაჯაია მანამდე რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელობდა.
Sputnik
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ქაჯაიას დანიშვნა მხოლოდ გააძლიერებს ქვეყნის პოზიციებს, განაცხადა პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ „Sputnik-საქართველოსთან".
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლად გიორგი ქაჯაია დანიშნა, ზურაბ აბაშიძე კი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, მთავრობის მეთაურის მრჩეველი გახდა.
„ეს გადააადგილებები მხოლოდ გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს. ქაჯაია არის კარგი და ეფექტური მუშაკი, აბაშიძე კი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი და იგი რჩება პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე", - განაცხადა მამრაძემ.
მისი თქმით, ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად იმანაც გამოიწვია, რომ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს შორის ქართულ-რუსული მოლაპარაკებების ფორმატში ხანგრძლივი პაუზა დადგა და პროცესი, პრაქტიკულად, უშედეგოდ დასრულდა.
2022 წლის აპრილში აბაშიძემ განაცხადა, რომ კარასინთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვის ვადები უკრაინაში სიტუაციის განვითარებაზეა დამოკიდებული.
პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარის, ჟურნალისტ ვალერი კვარაცხელიას განცხადებით კი ერთი დიპლომატის მეორით ჩანაცვლება, ზოგადად, არაფერს შეცვლის, თუ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პროცესი არ დაიწყება.
„ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი, ცალკეული დიპლომატების ჩანაცვლება შედეგს ვერ გამოიღებს“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
პოლიტიკოსმა დადებითად შეაფასა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის რანგში ზურაბ აბაშიძის მიერ გაწეული მუშაობა.
გიორგი ქაჯაია მანამდე რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელობდა.