თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 12 თებერვლამდე პერიოდში სამართალდამცველებმა ცივი იარაღის ტარებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დაახლოებით 6,1 ათასი ჯარიმა გამოწერეს, რომელთა დიდი ნაწილი დანის ტარებას უკავშირდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჯარიმების საერთო რაოდენობიდან 3,2 ათასი ცივი იარაღის ტარებას ეხება, 1,7 ათასი - მარიხუანის მოხმარება-შენახვას, 1,2 ათასი კი ნარკოტიკების მოხმარება-შენახვას.
დანის ტარების აკრძალვა
საქართველოში ცივი იარაღის ტარებაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.
„იარაღის შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ცივი იარაღის ტარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ითვალისწინებს პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და ცივი იარაღის კონფისკაციას.
აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.
შსს-ს ცნობით, დანის ტარების ფაქტზე აღნიშნულ პერიოდში გამოიწერა 3,3 ათასი ჯარიმა, აქედან 2,2 ათასი თბილისში. იარაღის ტარების გამო დაჯარიმებული პირებიდან მხოლოდ ხუთი იყო ქალი.
ცივი იარაღის ტარებისთვის დაჯარიმდა 112 არარულწლოვანი - ნახევარზე მეტი თბილისში.
დეკრიმინალიზაცია და არა ლეგალიზაცია
საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მისი შეძენა და შენახვა, მათ შორის პირადი მიზნებისთვის, ასევე მისი მოხმარება არასრულწლოვნების თანდასწრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.
მოქმედი კანონმდებლობით მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ადგილებში მარიხუანის გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და 500-დან 1,5 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
შსს-ს მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 12 თებერვლამდე პერიოდში მარიხუანას მოხმარებისთვის 40 პირი დაჯარიმდა. მარიხუანას არასათანადო ადგილას ან ბავშვების თვალწინ მოხმარების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, რაომელზეც მოდის შემთხვევების ნახევარი.
რაც შეეხება მარიხუანას შენახვის ფაქტებს, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 1,6 ათასი შემთხვევა, ხოლო ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონებში დაფიქსირდა.
ნარკოტიკული მცენარის შენახვისთვის დაჯარიმებული დაახლოებით 1,6 ათასი პირიდან 21 ქალია. საანგარიშო პერიოდში მარიხუანას შენახვაზე ასევე დაჯარიმდა 12 არასრულწლოვანი და 60 წელს ზემოთ 13 პირი.
სხვა ნარკოტიკები არალეგალურია
საქართველოში მკაცრი პოლიტიკა მოქმედებს სხვა ნარკოტიკებთან მიმართებაშიც. ნარკოტიკების მოხმარება, ისევე როგორც უკანონო შენახვა, ითვალისწინებს ჯარიმას ან გამონაკლისის სახით ადმინისტრაციულ სასჯელს 15 დღემდე ვადით.
რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, ნარკოტიკის განმეორებით მოხმარება ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოხმარებისთვის სასჯელი იქნება არა თავისუფლების აღკვეთა, არამედ ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
საანგარიშო პერიოდში სამართალდამცველებმა გამოავლინეს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და პირადი მიზნებისთვის მისი მომზადება-შენახვა-გადაზიდვის 1,2 ათასი შემთხვევა - მათი 45% თბილისზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში დაჯარიმებულთა შორის 20 ქალი, ორი არასრულწლოვანი და 60 წელს ზემოთ 18 პირია.
კრიმინალთან ბრძოლა საქართველოში
საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ქვეყანაში სამართალდამცველები პერიოდულად ატარებენ ე.წ. პოლიციურ შემოწმებებს. შემოწმება გულისხმობს პირთა ზედაპირულ და დოკუმენტების შემოწმებას.
გარდა ამისა, პოლიციას აქვს უფლება, მოქალაქე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გაგზავნოს. 2023 წელს ნარკოტიკზე ჩატარებული 5,5 ათასი შემოწმებიდან 4 ათას შემთხვევაში დადებითი შედეგი გამოვლინდა.