თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ოჯახების მაღალი დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე, ერთი მხრივ, ახანგრძლივებს ქალების ემიგრაციაში ყოფნას და, მეორე მხრივ, არ აძლევს მათ შესაძლებლობას გააკეთონ დანაზოგები მომავალი ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მდგრადობისთვის, ნათქვამია კვლევაში „ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის შესახებ“, რომელიც მოამზადა ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისთვის” (WECF).
ოფიციალური მონაცემებით, ემიგრაციაში 125,3 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 77,1 ათასი ქალია. ნახევარზე მეტის ასაკი 25-დან 50 წლამდე მერყეობს.
„უმუშევრობა და სიღარიბე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება, ამიტომ ოჯახის უზრუნველყოფა კიდევ უფრო რთულდება, ხოლო ემიგრაცია უფრო ხანგრძლივი ხდება, როცა ოჯახში ბავშვები არიან ან ოჯახს დაბალი შემოსავალი აქვს“, - ნათქვამია კვლევაში.
მკვლევარების აზრით, ეს სურათი მიუთითებს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რის გამოც ოჯახები რჩებიან ფულად გზავნილებზე დამოკიდებული თაობების შეცვლის პროცესშიც.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების გამოყენებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 5,7%-ით შემცირდა და 4.123,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს. შემდეგ მოდის იტალია, საბერძნეთი, აშშ და გერმანია.