დღეიდან 18-მეტრიანი ავტობუსები კიდევ ერთ მარშრუტზე იმოძრავებენ

პირველ ეტაპზე 18-მეტრიანი ავტობუსები ოთხ მარშრუტზე იმოძრავებენ
Sputnik
თბილისი, 9 მარტი - Sputnik. დღეიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსებით N314 მარშრუტის მგზავრებიც ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
2024 წლიდან თბილისში ეტაპობრივად გამოჩნდება ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი, რომელიც გათვლილი იქნება 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის: სალონში არის სპეციალური სივრცე ეტლებისთვის და გადმოსაშლელი პანდუსი.
მერიის ცნობით, N314 მარშრუტზე ახალი ავტობუსებით აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდა.
ახალი ავტობუსები N302-ისა და N308-ის მგზავრებს უკვე ემსახურებიან. 16 მარტიდან კი, 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზეც იმოძრავებენ.
18-მეტრიან ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსები ასევე აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები და WIFI მოწყობილობაც.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.