თბილისი, 9 მარტი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ბორჯომში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს და დალუქეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო ავტოფარეხში ჰქონდა დამონტაჟებული. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა საამქროს ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) აღმოაჩინეს.
აღნიშნული სახერხი საამქრო დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული ხეტყე კი ბორჯომის „საქმიან ეზოში“ გადაიტანეს.
რადგან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.