Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
პოლიკარპე სმირნელი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 8 მარტი მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის ხსენების დღეა.
პოლიკარპე I საუკუნის მიწურულს დაიბადა . ის მცირე აზიის ქალაქ სმირნაში ცხოვრობდა. ადრე დაობლებული კეთილმსახურმა ქვრივმა, კალისტამ აღზარდა. დედობილის სიკვდილის შემდეგ პოლიკარპემ მთელი ქონება მოწყალებად გასცა და დავრდომილთა და სნეულთა მსახურება იტვირთა. ის ძლიერ შეიყვარა და დაიახლოვა სმირნის ეპისკოპოსმა ვუკოლმა. მან დიაკვნად აკურთხა პოლიკარპე და ტაძარში ღვთის სიტყვის ქადაგება დაავალა.
ამ დროს წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. პოლიკარპე მეტად დაახლოებული იყო მასთან და თან ახლდა სამოციქულო მოგზაურობებში. მღვდელმთავარმა ვუკოლმა ხუცესად დაასხა ხელი წმიდანს, სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე კი დაიბარა, სმირნის კათედრა პოლიკარპესთვის ჩაებარებინათ. პოლიკარპე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მას თბილად ეპყრობოდა და დიდ პატივს სცემდა წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი.
როცა ტახტზე იმპერატორი მარკუს ავრელიუსი (161-180) ავიდა, დაიწყო ქრისტიანთა ერთ-ერთი უსაშინლესი დევნა. წარმართები ითხოვდნენ, რომ მსაჯულს მოეძებნა პოლიკარპე. ამ დროს, სამწყსოს დაჟინებული მოთხოვნით, პოლიკარპე პატარა სოფელში იმყოფებოდა, სმირნის მახლობლად. როცა მხედრები მოვიდნენ მის წასაყვანად, მღვდელმთავარი გამოეგება მათ და ბრძანა, დაეპურებინათ მეომრები, თვითონ კი ილოცა მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრულის წინ. მისი წამება და სიკვდილი აღწერილია ქრისტიანული მწერლობის ერთ-ერთ უძველეს ძეგლში "სმირნის ეკლესიის ეპისტოლე სხვა ეკლესიათა მიმართ". სამსჯავროზე წარდგენილმა პოლიკარპემ აღიარა ქრისტე, რისთვისაც დაწვა მიუსაჯეს. ჯალათებს უნდოდათ, ძელზე მიელურსმნათ ქრისტეს მხნე აღმსარებელი, მაგრამ პოლიკარპემ დაამშვიდა ისინი, კოცონიდან არ ჩამოვალო. ცეცხლის ალი გარს შემოერტყა წმიდანს და მის თავს ზევით, ჰაერში შეერთდა. წარმართებმა და იუდეველებმა დაინახეს, რომ ღვთის რჩეულს ცეცხლი არ ვნებდა და მოითხოვეს, მახვილით მოეკლათ იგი. როცა პოლიკარპეს ლახვარი უგმირეს, ჭრილობიდან გადმოსულმა სისხლმა კოცონი ჩააქრო. მღვდელმოწამის ცხედარი დაწვეს. სმირნელმა ქრისტიანებმა კრძალვით შეკრიბეს და დაიცვეს მისი წმიდა ნაწილები.
წმიდა პოლიკარპეს ეკუთვნის რამდენიმე ეპისტოლე სამწყსოსა თუ კერძო პირების მიმართ. ჩვენამდე მოაღწია მისმა ეპისტოლემ ფილიპელთა მიმართ, რომელიც ღვთისმსახურების დროს იკითხებოდა მცირე აზიის ეკლესიებში.
იოანე, ანტიოქე, ანტონინე, მოსე, ზევინი, პოლიქრონი, სხვა მოსე და დამიანე
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 8 მარტი წმინდა მამების: იოანეს, ანტიოქეს, ანტონინეს, მოსეს, ზევინის, პოლიქრონის, მეორე მოსეს და დამიანეს ხსენების დღეა.
იოანე,რომელიც წმიდა ლიმნეის მოწაფე იყო. V საუკუნეში ცხოვრობდა, სირიაში. მან „მიუსაფარი ცხოვრების“ ღვაწლი იტვირთა. ღია ცის ქვეშ, მთის მწვერვალზე დაემკვიდრა და აქ 25 წელი დაჰყო. ღირსი მამა მხოლოდ პურითა და მარილით იკვებებოდა და სხეულს მძიმე ბორკილებით ითრგუნავდა. მასთან სტუმრად მოსულმა ერთმა მოღვაწემ მთაზე ნუშის ხე დარგო, რომ პაპანაქების დროს ჩრდილში თავის შეფარება შესძლებოდა, მაგრამ წმიდანმა ბრძანა, ხე მოეჭრათ – სხეულს ოდნავი განსვენების ნებაც არ მისცა.
მოსე წმიდა იოანეს მიბაძვით მთის მწვერვალზე დაემკვიდრა, სოფელ რამის მახლობლად. ამგვარივე ღვაწლი იტვირთეს ანტიოქემ და ანტონინემ, რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე მოღვაწეობდნენ და სულის სიმტკიცის მაგალითს იძლეოდნენ.
იმავე მთაზე მოღვაწეობდა ზევინიც. მან ღრმა სიბერემდე იცხოვრა, ღირსი მამის სავანის ახლომახლო მკვიდრნი დიდ პატივს მიაგებდნენ წმიდანს და მისი ლოცვებით განსაცდელებში შეწევნას ღებულობდნენ. პოლიქრონი, ზევინის მოწაფე, ბაძავდა მოძღვარს - მანაც მარხვისა და ღამისთევის ღვაწლი იტვირთა. პოლიქრონი ბორკილებს არ ატარებდა, მაგრამ ლოცვის დროს ბეჭებზე მუხის დიდ ფესვს იდებდა, რომელიც თვითონ ამოთხარა მიწიდან. ერთხელ, გვალვის დროს, წმიდა მამის ლოცვით წვიმა მოვიდა, ქვის ცარიელი ჭურჭელი კი, გლახაკთა შესაწევნად ზეთით აავსო. პოლიქრონთან ერთად ცხოვრობდა მისი მოწაფე – მოსე, რომელიც ცდილობდა, ყველაფერში მიებაძა მოძღვრისთვის და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა. მისი მეორე მოწაფე ღირსი დამიანე კი იერად წოდებულ სავანეში დაემკვიდრა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. წმიდა მამას კელიაში მხოლოდ ერთი მომცრო ყუთი ჰქონდა ოსპით, რომელიც მის ერთადერთ საკვებს წარმოადგენდა. ეს წმიდა მამები მშვიდობით მიიცვალნენ V საუკუნეში, სირიაში.
მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით