აჭარაში 68 გრამი მეტადონისთვის ცოლ-ქმარს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სამართალდამცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ.
Sputnik
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. აჭარაში 68 გრამი მეტადონის შეძენა-შენახვისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 68,3252 გრამი მეტადონი (მარილი).
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარდგენილ ბრალდებაში წყვილი დამნაშავედ ცნო.