თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენა იგეგმება

Sputnik
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტს იწყებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს (CTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას.
კეთილშობილი ირემი დღეისთვის გადაშენების კრიტიკულ ზღვარზე მყოფი სახეობების კატეგორიაში შედის. მისი კონსერვაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, ირმის პოპულაციის აღდგენისთვის პრიორიტეტულ ტერიტორიად თბილისის ეროვნული პარკი განისაზღვრა. პარკში კეთილშობილი ირმის დაბრუნება, მათი სხვა ტერიტორიებიდან გადმოყვანის გზითაა დაგეგმილი.
მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მოხდება თბილისის ეროვნული პარკისთვის კეთილშობილი ირმის სახეობის აღდგენის გეგმის შემუშავება და აღდგენილ სახეობებზე პოტენციური ზეგავლენის დადგენის მიზნით, ტერიტორიის დეტალურად შეფასება და ადგილობრივი ჰაბიტატების იდენტიფიცირება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენის მიმართულებით და ამ მიზნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.