თბილისი, 6 მარტი— Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 54,5 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 256 ათას ლარს აღემატება, ბრალდებულებისგან სამეგრელოს რეგიონში სამ ლოკაციაზე ამოიღეს.
დანაშაული 6-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის მიერ დამატებით გამოვლენილ იქნა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 15 პირი, მათგან დაკავებულია 4 პირი.
დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 12.676 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 70 ათას ლარს აღემატება.