თბილისი, 6 მარტი — Sputnik. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთი შეიძლება შემცირდეს, შესაბამისი ცვლილებები „საგადასახდო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდა.
ცვლილებები ითვალისწინებს აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას თამბაქოს ნედლეულზე, თამბაქოს ნარჩენებზე, ჩილიმით მოსაწევ თამბაქოზე, „ჰომოგენიზებულ“ ან „აღდგენილ“ თამბაქოზე, საღეჭ ან საყნოს (ბურნუთი) თამბაქოზე და ა.შ.
ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხშია გავრცელებული. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა 314 ტონა შეადგინა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1 ათასამდე საოჯახო მეურნეობა.
დარგის განვითარება ისეთი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია; კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არარსებობა; არალეგალური სიგარეტის წილის ზრდა, რომლის ფასი დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თამბაქოს ფასს უტოლდება და აღნიშნულ პროდუქტს არაკონკურენტულს ხდის.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების საფუძველზე უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი გათანაბრდა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს.
ცვლილებების ინიციატორთა განცხაადებით, აქციზის შემცირების შემდეგ ბიუჯეტის წლიური შემოსავალი თითქმის 25 მილიონი ლარით შემცირდება.
საქართველოში სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის იმპორტი აქციზს ექვემდებარება. თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში გაიზარდა აქციზის ღირებულება, რამაც გამოიწვია ალტერნატიული უაქციზო სიგარეტების აქტიური შემოდინება, რომლებიც მოთხოვნადია დაბალი ფასების გამო.
2017 წლის იანვრიდან ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი შეადგინა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 2019 წელს გათანაბრდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების სააქციზო განაკვეთი.
თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს. თავდაპირველად, საქართველოსთვის ამ ვალდებულების შესრულების ვადა 2022 წლამდე იყო განსაზღვრული, მოგვიანებით კი მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის საფუძველზე ვადა 2026 წლამდე გადაიდო.
აქციზის განაკვეთის გაზრდის გამო საქართველოში სიგარეტი თითქმის ორნახევარჯერ გაძვირდა - 2019 წელს ფასმა ორჯერ მოიმატა, საშუალოდ 1 ლარით, ამჟამად სიგარეტის ერთი კოლოფი საშუალოდ 5-10 ლარი ღირს.