თბილისი, 5 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ემზადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესში შესულ ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დასაძლევად, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ასეთი პროექტი ძირს უთხრის წინასაარჩევო პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი ნდობას.
ეს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ გამოყენებული მეორე ვეტოა. 2023 წლის ზაფხულში ზურაბიშვილი უკმაყოფილო იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის ორეტაპიანი სისტემის გაუქმებით, ამჯერად კი პრეზიდენტი უკმაყოფილოა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესში მისი როლის შეზღუდვით. გასული წლის ზაფხულიდან პარლამენტს დასამტკიცებლად კანდიდატებს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე და არა პრეზიდენტი.
„კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნები. მან თავისი ვეტო წარმოადგინა, თუმცა ამას მოტივირებულ შენიშვნებს ნამდვილად ვერ უწოდებ, რადგანაც არანაირი არგუმენტაცია იმისა, თუ რატომ უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები, მის ვეტოში ჩვენ უბრალოდ ვერ ამოვიკითხეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავძლევთ ვეტოს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კახიანმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ვეტოს იმ დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებად მიიჩნევს, რომელსაც ოპოზიცია ეწევა.
„სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს მისი ერთ-ერთი ამოცანაა. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მისი ვეტო აბსოლუტურად ლოგიკური იყო. ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის კიდევ ერთი გაგრძელება, თუმცა, ეს ვეტო პროცესების სტაბილურ განვითარებას პრობლემებს ვერ შეუქმნის. რა თქმა უნდა, ვეტო დაძლეული იქნება, ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო“, - განაცხადა კობახიძემ.
ვეტოს დაძლევის წინააღმდეგია ოპოზიცია.
„ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნები პირდაპირ ხაზს უსვამს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა საზოგადოების დაბალი ნდობაა. ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ამ ნდობის გაზრდას კი არ ემსახურება, არამედ პირიქით, ემსახურება ამ ნდობის განადგურებას. როდესაც არ იქნება ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, ბუნებრივია, არჩევნების მიმართ ნდობა იქნება ძალიან დაბალი“, - განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრმა გიორგი სიორიძემ.
ოპოზიციას არ აქვს ბერკეტი საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაცვლელად, რადგანაც ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო.
სადავო ცვლილებები
ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.
თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.
ამასთან, ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.
ახალი ცვლილებებით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
კრიზისი ცესკოში
ამჟამად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად 2021 წლის აგვისტოში ექვსი თვის ვადით აირჩიეს. იგი მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში კვლავ გახდა ცესკოს თავმჯდომარე იგივე (6 თვის) ვადით.
2022 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა კალანდარიშვილის პარლამენტისთვის წარდგენაზე უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ იგი კანდიდატებს შორის იყო. შედეგად, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ არცერთ კანდიდატს არ მიუღია ხმების საკმარისი რაოდენობა, თუნდაც ექვსი თვით თანამდებობაზე ასარჩევად.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები შეინარჩუნა.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მას მმართველი პარტიის ხელდასმული უწოდა. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდეგ გაძლიერდა. ოპოზიციონერებმა ცესკო კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო კომისიების მუშაობაში სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.