თბილისი, 5 მაისი - Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში ტყის მიმდებარედ მიზანმიმართულად აჩენდა ცეცხლის კერებს, 500 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირების დროს დააფიქსირეს ხანძრის კერა და შენიშნეს მამაკაცი, რომელიც ბალახს ცეცხლს უკიდებდა.
მეხანძრეებმა ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს და აღნიშნული პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით - 76-ე მუხლის მეორე ნაწილი - დაჯარიმდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.