თბილისი, 5 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მმართველ გუნდში არსებული კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას სპეკულაცია უწოდა.
სახელისუფლებო პარტიაში დაპირისპირების შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საზოგადოებისთვის არაერთი არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. თანამდებობა დატოვა მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელმა რევაზ ჯაველიძემაც.
„ჩვენ ვიცით, რას ემსახურება რაიმე სახის სპეკულაციის შექმნის მცდელობა, რომ თითქოსდა არსებობს დაპირისპირება. ეს ასე არაა. ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ ვამბობთ“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მანამდე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მასსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის არანაირი უთანხმოება და დაპირისპირება არ არის.
ზურაბ აზარაშვილის გადადგომა საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო. იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.
ამასთან, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ აზარაშვილის გადადგომის მიზეზი რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი გახდა - მთავრობის მეთაურის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის და შენობის დემონტაჟის პროცესის შეჩერება იყო.