თბილისი, 4 მარტი — Sputnik. 2023-2024 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოში სტუდენტების ძირითადი ნაწილი (59.1%) სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობს, კერძო სასწავლებლებზე სტუდენტების 40.9% მოდის, მათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 19 საჯარო და 43 კერძო დაწესებულებაა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით ორი მესამედი მდებარეობს თბილისში.
უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ახალგაზრდების საერთო რაოდენობამ 177,8 ათასი შეადგინა, რაც 10,2%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
2023-2024 სასწავლო წელს უმაღლეს სასწავლებლებში 54,3 ათასი ახალგაზრდა ჩაირიცხა, რაც 8,4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. დიდმა ნაწილმა (32,4 ათასი სტუდენტი) სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში არჩია, 21,9 ათასმა ახალგაზრდამ კი არჩევანი კერძო სასწავლებელზე გააკეთა.
ქალები სტუდენტების საერთო რაოდენობის 51,2%-ს, ხოლო მამაკაცები - 48,8%-ს შეადგენენ.