თბილისი, 4 მარტი - Sputnik. რაჭაში 2023 წლის აგვისტოში სასიკვდილო მეწყერის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი დაიდგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული აპარატი ავრცელებს.
2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა, პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა კურორტი. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, 32 დაღუპულის პარალელურად დაკარგულად მიიჩნევა კიდევ ერთი პირი. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. კომპანია Geotesti-ის შვეიცარიელმა ექსპერტებმა მეწყერის მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილება დაასახელეს.
მემორიალისთვის ადგილის შესარჩევად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გამგებელმა პარმენ მარგველიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ გლოლის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აზრი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს იქნება მოკრძალებული პატივისცემა ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების მიმართ“, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ
ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მემორიალი, შესაძლოა, „რკინის წყლის" მიმდებარდ განთავსდეს, ასევე განიხილება რამდენიმე ალტერნატიული ლოკაციაც.
უწყების ინფორმაციით, შერჩეულ ადგილებს დარგის სპეციალისტები გადაამოწმებენ, გეოლოგების დასკვნის საფუძველზე კი დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები.
მემორიალის შექმნის თაობაზე კონკურსს სპეციალური კომისია გამოაცხადებს. კომისიის შემადგენლობაში სპეციალისტებთან ერთად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებიც შედიან.
შოვში ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარ ბუბას ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, ჩამოინგრა მისი გარკვეული ნაწილი, რამაც, შესაძლოა, გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება მთელ მსოფლიოში თითქმის შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.
წინასწარი გათვლებით, ღვარცოფს კურორტ შოვის კოტეჯების ტერიტორიაზე, სადაც ხალხი იმყოფებოდა, 8-10 წუთში უნდა მიეღია.
ბალნეოლოგიური კურორტი შოვი ონის რაიონში, ზღვის დონიდან 1,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.