სააკაშვილი და კეზერაშვილი ლობისტებზე ასიათასობით დოლარს ხარჯავენ: ახალი სკანდალი

ექსპერტის თქმით, აუცილებელია საქართველოშიც მიიღონ აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი, რათა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გახდეს გამჭვირვალე.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილის ოჯახები ლობისტური კომპანიების მოქრთამვას ერთმანეთს ასწრებენ, რაზეც ქართველი ხალხისთვის მოპარულ ფულს ხარჯავენ, განაცხადა ექსპერტმა ედიშერ გვენეტაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის კუთვნილი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs-ის საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტების თანახმად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში - 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლის პერიოდში ლობისტები აქტიურად ცდილობდნენ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტურმა ჯგუფმა ჯამში 420 დოლარი მიიღო.
„ნახეთ! სად ხარჯავს ქართველი ხალხისა და ქართული ჯარისთვის წაგლეჯილ, მოპარულ ფულს ავაზაკი კეზერაშვილი და მისი ბანდა! ნახეთ! სად წავიდა მათ მიერ მოპარული 420 ათასი დოლარი...! ნახეთ! როგორ ასწრებენ ერთმანეთს ლობისტური ფირმების მოქრთამვას სააკაშვილის ოჯახი და ქურდბაცაცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი!", - განაცხადა გვენეტაძემ.
ექსპერტის თქმით, აუცილებელია საქართველოშიც მიიღონ აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი, რათა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გახდეს გამჭვირვალე.
„ჩვენში ე.წ. უსამშობლო პარტიების, ენჯეოების და ფიზიკური პირებისათვის გადმორიცხული და აქედან მათ მიერ გადარიცხული თანხები საჯარო და გამჭვირვალე უნდა გახდეს!“, - განაცხადა გვენეტაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად ლობისტური კომპანია Cornerstone Government Relations-ის მცდელობისა კონგრესსა და სენატში შეხვედრების გამართვის შესახებ, ლობისტების მოთხოვნები, პრაქტიკულად, უპასუხოდ დარჩა. ლობისტურმა ჯგუფმა ვერც ერთ სენატორთან ან კონგრესმენთან შეხვედრის ორგანიზება ვერ უზრუნველყო. ლობისტებმა შეძლეს შეხვედრების დაგეგმვა კონგრესის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელთან. ტელეკომპანიის რომელი წარმომადგენელი ესწრებოდა შეხვედრებს, დაკონკრეტებული არ არის.
კალაძე: კეზერაშვილი ამერიკულ ლობისტურ კომპანიას ფულს საკუთარი იმიჯის გამყარებისთვის უხდის>>>
აღიშნული ანგარიშის მიხედვით, ლობისტების ბოლო აქტივობა 2024 წლის იანვარში ფიქსირდება, რომელიც 2024 წელს საქართველოში „მაკკეინის ინსტიტუტის" საქმიანობის დაგეგმვას უკავშირდება.
რაც შეეხება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულ ლობისტებს, ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა - აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე.
პირველად ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანია „ფორმულამ" ამერიკული ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs-ი დაიქირავა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 2023 წლის სექტემბერშ გამოაქვეყნა.
ვინ არის კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა.
მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
კონტრაქტის დეტალები
ოპოზიციურმა ტელეკომპანია „ფორმულამ" ამერიკულ ლობისტურ კომპანია Cornerstone Government Affairs-თან 420 ათასი დოლარის კონტრაქტი გააფორმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, 2023 წლის მაისიდან კომპანიამ დაიწყო ტელეკომპანია „ფორმულას" აქტიური ლობირება და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის აშშ-ის კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების, ამერიკის მედიასაშუალებების, ანალიტიკური ცენტრებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მიწოდება.
ანგარიშში ასევე საუბარია ლობისტური ჯგუფის კავშირებზე აშშ-ში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან (Alex Raufoglu), რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგების დროს საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებებითაა ცნობილი.
ასევე ვლინდება ლობისტური კომპანიის კავშირები აშშ-ის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, როგორიცაა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე. მან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მისამართით არაერთხელ გააკეთა კრიტიკული განცხადებები.