„საქართველო არის მომავალი“: ევროპელი ჟურნალისტები ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები სხვადასხვა საერთაშორისო მედიაპლატფორმაზე გამოქვეყნდება.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტებს მასპინძლობს.
ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში საქართველოს ცნობილი გამოცემების Le Figaro-ს, The Telegraph-ის, GQ-ს, Die Presse-ის, Snow-ს, Backcountry Magazine-ის და Downdays-ის ჟურნალისტები საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან ეწვივნენ.
საქართველოს კულტურული ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებმა თბილისი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და მესტია მოინახულეს, ასევე გააშუქეს მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური.
„საქართველოში პირველად ვარ, გაოცებული ვარ ხედებით. ხალხი ძალიან მეგობრულია, საუკეთესო ხარისხის თოვლია, სწრაფი საბაგიროა. ვამზადებ სტატიას, რომლის სათაურიც იქნება „ადვილი თავგადასავალი“, რადგან აქ ყველაფერი ხელმისაწვდომია. საქართველო არის მომავალი“, – განაცხადა Le Figaro-ს ჟურნალისტმა მეთიუ როსმა.
როგორც Die Presse-ის წარმომადგენელმა, ჯოზეფ იბნერიმ აღნიშნა, საქართველოში საოცარი სათხილამურო პირობებია.
„სვანეთში ძალიან მეგობრული ხალხია, სამთო კურორტი ვითარდება, ნამდვილად საოცარი სათხილამურო პირობებია და, ვფიქრობ, ეს არის ტურისტული მიმართულება, რომელიც პოპულარული გახდება“, – აღნიშნა ჯოზეფ იბნერიმ.
ევროპული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, სათავგადასავლო ტურიზმის, ზამთრის კურორტებისა და კულტურის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.