თბილისი, 2 მარტი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი საკუთარი მშობლების მკვლელობისთვის უვადო პატიმრობაში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბეროზაშვილს ბრალდების მხარის მტკიცებულებების საფუძველზე მიმდინარე წლის იანვარში მიუსაჯა, თავად ყოფილ პოლიციელს კი დანაშაული დღემდე არ უღიარებია.
სასამართლო სხდომებზე ბეროზაშვილი ამტკიცებდა, რომ პოლიციამ მისი სახლიდან ოქრო წაიღო და სამხილები მის მანქანაში ჩაუდო.
გამოძიების ცნობით, დანაშაული ვაზისუბანში 2022 წლის აპრილში მოხდა. 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ მძინარე მშობლები დახოცა, შემდეგ კი მკვლელობის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო. კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ კი ბინაში გააჩინა ხანძარი, გაზის ონკანი გახსნა და მიიმალა. ეჭვმიტანილი მეორე დღეს დააკავეს.
ცოლ-ქმრის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
გამოძიებამ დანაშაულის სურათი აღადგინა: ბეროზაშვილმა 2022 წლის 27 აპრილს მამამისის სახელზე რეგისტრირებული იარაღი აიღო და მას თავში ესროლა. მძინარე დედა მოკლა იარაღით, რომელიც თავად უკანონოდ შეიძინა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, ბინიდან წაღებული თანხა და ძვირფასეულობა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამას გარდა, ბეროზაშვილის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები.
ბეროზაშვილი დამნაშავედ ცნეს განზრახ მკვლელობაში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ.