როგორია კოალიციური მთავრობის პერსპექტივები საქართველოში – პოლიტიკოსების მოსაზრებები

როდესაც ოპოზიციური პარტიები საუბრობენ კოალიციაზე, ისინი რეალურად გულისხმობენ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, მიაჩნია პრემიერ-მინისტრს.
Sputnik
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ კვლავ მწვავედ დადგა შესაძლო კოალიციური მთავრობის საკითხი, თუმცა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ასეთ ფიქრსაც კი არ უშვებს.
კოალიციური მთავრობა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ არცერთი პარტია არ მიიღებს საკმარის ხმებს უმრავლესობის შესაქმნელად და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ არჩევნებში პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი ამომრჩეველთა ხმების 5%-ს შეადგენს.
„ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60%-მდე. მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში 55%-დან 60%-მდე მერყეობდა ჩვენი მხარდაჭერა, რაც 2012 წლის შემდეგ არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 55-დან 60-მდე გვაქვს ურყევი მხარდაჭერა გასული ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებისგან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში კოალიცია პრაქტიკულად გამორიცხულია. რა თქმა უნდა, წინ არის კიდევ დაახლოებით 7-8 თვე, ვიდრე არჩევნები ჩატარდება, მაგრამ არსებით ცვლილებებს არ ველოდებით. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი, განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ როდესაც ოპოზიციური პარტიები საუბრობენ კოალიციაზე, სინამდვილეში გულისხმობენ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას.
„გასაგებია, რაც იგულისხმება ამ ყველაფერში: „ნაცმოძრაობის“ გარშემო უნდა შეიქმნას კოალიცია, იქ ჩაერთვებიან სალომე ზურაბიშვილი, „ლელო“ და ასე შემდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი დიდი ხანია 20%-ს ჩამოცდა და ვერცერთი სხვა პარტია, დღევანდელი მოცემულობით, ვერ ახერხებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას.
ახალი კოალიცია არჩევნების წინ? - ნიკა გვარამიას გეგმები >>
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძეც მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ კოალიციაში დომინანტური ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.
„უნდა ვიცოდეთ, რომ თუ კოალიციაზე თეორიულად იქნება საუბარი, იქ დომინანტი არის „ნაცმოძრაობა“, ესე იგი სიტყვა კოალიცია სადაც იქნება ნახსენები, ეს ნიშნავს "ნაცმოძრაობის" დაბრუნების სურვილს. თუმცა, კოალიცია მაინც არ გამოვა, რაც არ უნდა დააჯამო მათი პროცენტები“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, კოალიციის მომხრეა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
პოლიტიკური ქორწინება კოალიციური მთავრობის წიაღში: დათანხმდება თუ არა გახარია გვარამიას? >>
„საქართველოსთვის, რომელმაც დემოკრატიის გრძელი გზა გამოიარა, დრო მოვიდა დაემშვიდობოს ერთპარტიულ სისტემას, რომელიც ძველი დროის გადმონაშთია და გადავიდეს კოალიციურ მთავრობაზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ბოლო კოალიციური მთავრობა საქართველოში 2012-დან 2016 წლამდე არსებობდა, როდესაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხელისუფლებაში მოვიდა კოალიციაში, რომელიც შვიდ პარტიას აერთიანებდა. კოალიციამ 2014 წელს დაიწყო დაშლა და უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ დამოუკიდებლად გაიმარჯვა.
ოპოზიციაში კოალიციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ენთუზიაზმს ყველა როდი იზიარებს.
„ჩემი აზრით, კოალიციაში იქნება ყველა - პირველი, ვინც გადალახავს (ბარიერს - რედ.), მეორე, ვისთვისაც მკაფიო არის ორი რაღაც - ერთი, ის, რომ ივანიშვილი ჩამოშორდეს ძალაუფლებას, იმისთვის, რომ მეორე და მთავარი შესრულდეს - ქვეყანამ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა“, - განაცხადა ქართველმა პოლიტიკოსმა, თბილისის ექს-მერმა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, წელს არჩევნები არ იქნება ორიენტირებული სიმპათიაზე პოლიტიკური ლიდერებისადმი და არ იქნება „სექსი“ არჩევნები.
„ეს არჩევანი ამიტომ არის მნიშვნელოვანი. პოლიტიკური ლიდერების მოწონებით არ იქნება, ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები. ჯერჯერობით არ ჩანს, არცერთი პარტია ისე არ გამოიყურება“, – აღნიშნა უგულავამ.
მან განმარტა, რომ „სექსი“ არის 2003 წლის რევოლუციის წინა პერიოდში შექმნილი ვითარება, როდესაც კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით მზარდი ორგანიზმი იყო, რომელმაც გააერთიანა სამი მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი და არა პოლიტიკური ელიტა.
ქადაგიშვილი: „ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის კოალიცია არ სჭირდება>>
ამასთან, „ნაცმოძრაობა“ ერთ-ერთია ორი ჯგუფიდან, რომელიც კოალიციაზე საუბრობს, მეორე ასეთი პარტია არის „ლელო საქართველოსთვის“.
დღემდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანამშრომლობაზე შეთანხმება მხოლოდ თავის ყოფილ წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის პარტიასთან - „სტრატეგია აღმაშენებელთან“ მოახერხა. პარტიები „საქართველოსთვის“, „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „ლელოც“ კი აცხადებენ, რომ საკუთარ თავს ამ კოალიციაში ვერ ხედავენ.
საქართველოში მოახლოებული არჩევნების წინ სრული პოლიტიკური სურათი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. ოპოზიციური „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ უცნობ პარტიაში პარტიულ თანამდებობის დაკავებას აპირებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას თანამოაზრეებმა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დააანონსეს.
საქართველოში არჩევნებამდე თითქმის 7 თვე რჩება, არჩევნების მონაწილეთა საბოლოო სიები კი მხოლოდ ხუთ თვეში გახდება ცნობილი.