ფარისევლობა თუ აუცილებლობა - რატომ ალაპარაკდნენ საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაზე

ლგბტ-პროპაგანდის შესაძლო აკრძალვის საკითხმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია
Sputnik
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობას ვერ ხედავენ და მმართველი პარტიის მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას ფარისევლობას უწოდებენ, „ქართული ოცნება“ კი ამტკიცებს, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ აუცილებელია საკანონმდებლო მექანიზმების გამოყენება.
იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამზადებს ინიციატივას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ინ8იციატივა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. მისივე თქმით, კანონპროექტი უახლოეს ორ კვირაში მომზადდება.
პრემიერის პოზიცია
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის ინიციატივას ლოგიკურს უწოდებს.
„მე მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთების, არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება“, - თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა საქართველოში ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან.
„კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად, ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ოცნების" არგუმენტები
მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საკითხის დარეგულირებას ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვით, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
„ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს, რის შემდეგაც გვექნება კონკრეტულ კანონპროექტზე საუბარი. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევეცადოთ ერთმანეთისგან განვასხვაოთ, რა არის უფლებების დაცვა და რა არის საზოგადოებისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდირება, მითუმეტეს როდესაც საკითხი არასრულწლოვნების ინტერესებს ეხება“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
რატომ აფინანსებენ საელჩოები ლგბტქ პროპაგანდას საქართველოში? დეპუტატი განმარტებას ითხოვს>>
საქართველოში ლგბტ-პროპაგანდა დაუშვებელია, ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„კატასტროფაა, რომ ბავშვების ფსიქოლოგიაში შევიდნენ და თურმე, ბავშვებს ეუბნებიან, რომ მშობლები მარტო დედიკო და მამიკო კი არ არის, მამიკო და მამიკოც შეიძლება რომ მშობლები იყვნენ და ასეთი არაქართული და არაადამიანური ტრადიცია, ბუნებრივია, იქნება მიუღებელი და ეს დარეგულირდება ზუსტად ამ კანონით“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
საწინააღმდეგო არგუმენტები
არავინ ითხოვს ქვეყანას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ამიტომ კანონის მიღება არ არის საჭირო, განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ. გარდა ამისა, როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, კონსტიტუციაში ისედაც გაწერილია, რომ საქართველოში ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის არის დაშვებული.
„ამის პრობლემა საერთოდ არ დგას, რომ ვინმე აიძულებდეს ქვეყანას ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, მით უფრო მაშინ, როდესაც კონსტიტუციაში წერია, რომ ქალისა და კაცის ქორწინება არის ქორწინება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება უკავშირდება საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას, რომლებიც ქვეყანაში 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
„ამას დავარქვი სასოწარკვეთილი ფარისევლების ინიციატივა. ცდილობენ მოიგოს რელიგიურად განწყობილი ადამიანების გულები, მრევლის გული, საზოგადოების გარკვეული ნაწილის გული“, - განუცხადა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ეს ფარისევლობა არჩევნების წინ არაფრის მომტანია.
მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.