თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დეპუტატების ინიციატივები პროვოკაციულია და ნეგატიურად აისახება ქვეყნის მოსახლეობის პროდასავლურ განწყობაზე, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ
ევროპარლამენტის დეპუტატმა ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
„ევროპარლამენტარების მხრიდან ასეთი ინიციატივები, საქართველოში კონკრეტული პარტიის მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული, პირდაპირ უნდა ვთქვა, პროვოკაციულია... ალბათ, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდეს ასეთ ინიციატივებს, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს პროევროპული განწყობები საქართველოში“, - განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატის თქმით, მსგავსმა ინიციატივებმა შეიძლება იმოქმედოს მოსახლეობის ევროპისადმი დამოკიდებულებაზე.
„არ ვიცი, ვინმე თუ აცნობიერებს იმ გარემოებას, რა რეპუტაცია აქვს მიხელ სააკაშვილს საქართველოში და რა შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის საქართველოში ევროპის მიმართ განწყობების თვალსაზრისით ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს და მოსაზრებებს", - აღნიშნა სარჯველაძემ.
სააკაშვილი, მის წინააღმდეგ აღძრული ხუთი სისხლის სამართლის საქმიდან სასამართლოს მიერ ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენების საფუძველზე, პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს.
„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
სააკაშვილმა 2023 წლის 20 ნოემბერს ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვის დროს ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ერთი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს მამა დაუბრუნოს და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.