საპატრულო პოლიციის ავტოპარკი ახალი ავტომობილებით შეივსო

საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი „რენოს“ მარკის 20 ახალი ავტომობილით განახლდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ ეტაზე მაღალი გამავლობის ავტომობილები მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში გადანაწილდება.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.
„საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზანი პატრულ-ინსპექტორებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ასევე, დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობაა", - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფების, მათ შორის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტით რეგულარულად აახლებს.
საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება.