თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირებით, მაგრამ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვადაზე ადრე არ გათავისუფლდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ფართომასშტაბიანი ამნისტიის ინიციატივის კომენტირებისას.
პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომლის მიხედვითაც უნდა გათავისუფლდნენ ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულები, გარდა იმ პირებისა, ვინც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკებს ასაღებს. ასევე შემოთავაზებულია სამსახურებრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა ვადების განახევრება.
„დაივიწყონ! მიხეილ სააკაშვილის ამნისტირება, რა თქმა უნდა, არ მოხდება. მან საქართველოში შექმნა ადამიანის წამების, ღირსების შელახვის სისტემა. ჩვენი ვალია, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების წინაშე, რომ მან სრულად მოიხადოს საკუთარი სასჯელი", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სააკაშვილი პატიმრობაშია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან თანამდებობრივი დანაშაულებისთვის გამოტანილი განაჩენების საფუძველზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მას 6 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
პაპუაშვილის თქმით, პატიმრების რაოდენობის შემცირების საკითხში ხელისუფლება სახელმწიფოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელებს.
„ჩვენი მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უწევდეს იზოლაციაში სასჯელის მოხდა. რაც შეეხება რა მექანიზმები არსებობს შემცირებისა, აქ სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომაა მნიშვნელოვანი, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის პოზიცია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაჭრა პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი არ უნდა იყოს.
საპარლამენტო პარტია „გირჩი“, სხვა საკითხებთან ერთად, სთავაზობს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების, ასევე ქალებისა და პირობითი მსჯავრდებულების სასჯელის განახევრებას, ერთი მეოთხედით სასჯელის შემცირებას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. კანონპროექტში ასევე საუბარია უვადო სასჯელის 30 წლამდე შემცირებაზე.
2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 9,9 ათასი პატიმარი იყო, საიდანაც 1,8 ათასი სასჯელს ელოდებოდა. მსჯავრდებულთა უმეტესობა ციხეში იმყოფება ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ან ეკონომიკური დანაშაულისთვის.