თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მიმართა შეერთებულ შტატებს, განმარტოს რის საფუძველზეა გამოთქმული ბრალდებები ქვეყნის ტერიტორიით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით.
აშშ-ს სენატში განიხილებოდა საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლის საკითხები, ამასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს სენატორებმა რონ ჯონსონმა და რიჩარდ ბლუმენტალმა, ასევე შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტ-ფინანსისტებმა. მათ განაცხადეს, რომ საქართველო გამოიყენება როგორც ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც რუსეთს მიეწოდება ნახევარგამტარები, რომელთა იმპორტი სანქციების ფარგლებში აკრძალულია მწარმოებელი ქვეყნების მიერ.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე მიმართა ამერიკელ კოლეგებს და მოთხოვნილია განმარტება, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას.
„საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით. ამ ეტაპისთვის, არ არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი არცერთი შემთხვევა. კოლეგების მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს მიღებული იქნა 1780 საბაჟო გადაწყვეტილება საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან დაბრუნების თაობაზე, ხოლო გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტისა ან რეექსპორტის დროს 1000-ზე მეტ შემთხვევაში განაცხადის შემტან სუბიექტს უარი ეთქვა.