15 მლნ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცის მცდელობა: ხუთ პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
Sputnik
თბილისი, 29 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე, წარმომავლობის წყაროს დაფარვისა და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხები განათავსეს. აღნიშნული თანხის ნაწილი საზღვარგარეთ, საკუთარ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს, ასევე შეიძინეს კრიპტოვალუტა და საქართველოში მდებარე ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები.
„აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა დაახლოებით 15 მლნ აშშ დოლარამდე დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებისთანავე ყადაღა დაედო ბრალდებულების საბანკო ანგარიშებზე დარჩენილ თანხებს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებებს.
დაკავებულებს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.