რატომ არ მისცეს ქართულ ავიაკომპანიას აშშ-ში ფრენის უფლება?

Air Georgia-ს ერთადერთი თვითმფრინავი ჰყავდა, რომელიც სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ავიაკომპანიის თხოვნის საფუძველზე ამოიღეს.
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Air Georgia-ს მიერ წარდგენილი სამწლიანი ბიზნეს-გეგმა აშშ-ში ფრენებს არ ითვალისწინებდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილზე დაყრდნობით.
ქვრივიშვილმა სიცრუე უწოდა Air Georgia-ს დამფუძნებლის გიორგი კოდუას განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის აშშ-ში ავიაკომპანიის მიერ პირდაპირი ფრენების დაწყებას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, Air Georgia-ს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაუქმდა 2022 წლის დეკემბერში, რადგან ავიაკომპანიის ექსპლუატაციაში მყოფი ერთადერთი თვითმფრინავი - (Airbus 330-343) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებულ იქნა აღნიშნული საჰაერო ხომალდის მესაკუთრის მოთხოვნით.