თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ქართულმა ოპოზიციამ დაკარგა ეროვნული ღირსება და სახელმწიფოებრიობის შეგგრძნება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლი სხვა სახელმწიფოებს გადაეცეს.
სასამართლო რეფორმის განხილვისას ოპოზიციამ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი წამოაყენა, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი-ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.
„თითოეული ქართველისთვის გასაგებია, რომ ეს არის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წარუმატებლობის აღიარება და სუვერენიტეტზე უარის თქმის ტოლფასია, ამიტომ ჩვენი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პოლიტიკოსმა არაკეთილსინდისიერი უწოდა მათ, ვისაც საქართველოსთვის მაგალითად ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა მოჰყავს.
„ნებისმიერი კვლევის მიხედვით, საქართველო ყველა პარამეტრით რამდენიმე თავით მაღლა დგას ამ ქვეყნებზე. საქართველოსთვის მათი მაგალითის მოყვანა იგივეა, რაც დიდოსტატი პირველთანრიგოსნებს შეადარო", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა გატარდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ფასადური ცვლილებებია და ფუნდამენტური რეფორმები უნდა განხორციელდეს. ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნების გათვალისწინება და აცხადებს, რომ მათ ოპონენტებს სურთ არა თავისუფალი სასამართლო სისტემა, არამედ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას რამდენიმე მოსამართლისგან შექმნილი პროსახელისუფლებო კლანი მართავს.
მოსამართლეები, რომლებსაც ოპოზიცია კლანის წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ბრალდებების მტკიცებულებები საქართველოსთვის არ წარუდგენია.