1-ელი მარტიდან დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება

დედაქალაქის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს სპეციალური კომისია გამოავლენს.
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამჟამინდელი გერბი და დროშა თბილისის საკრებულოს 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზეა მიღებული.
კალაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, თბილისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც მოქმედი კანონით განსაზღვრული გერბი და დროშა არ გააჩნია.
„ქალაქის გერბი და დროშა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიზნით შეიქმნა სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელმაც პირველ ეტაპზე შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რის საფუძველზეც თბილისის მერია მზადაა, გამოაცხადოს დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი", - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს მერიაში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში.
„გამარჯვებული ნიმუშების ავტორი 10 ათასი ლარით დასაჩუქრდება... იმედი გვაქვს, რომ თბილისს სულ მალე ჰერალდიკის წესების შესაბამისი სიმბოლოები ექნება", - აღნიშნა კალაძემ.
2005 წელს მიღებული თბილისის გერბი, როგორც ქართული ფარი, მრგვალი ფორმის, დამწერლობით შექმნილი კომპოზიციაა. ეს სახელმწიფო სიმბოლიკა დედაქალაქის ლეგენდაზე აღმოცენებული ჰერალდიკური ნიშანია. რაც შეეხება დროშას, თბილისის დროშა ოთხფეროვანია: თეთრი, მუქი ცისფერი, ოქროსფერი და მუქი წითელი, ხოლო შესრულებისთვის იგულისხმება სამი ფერი თეთრ ფონზე.